თეგი: იგორ დოლგოვი

უკრაინის ელჩი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ესკალაციამდე და არა შემდგომ

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ რუსეთისათვის სანქციების დაწესება შესაძლებელია დაგვიანებული აღმოჩნდეს ვითარების ესკალაციის შემდგომ. კითხვაზე, რატომ თვლის უკრაინა, რომ დასავლეთი სანქციებს აგვიანებს, ელჩმა მაგალითად მოიყვანა ვითარება, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდგომ შეიქმნა: „რა იყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი? ეს იყო სარკოზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზაციას. საქართველო მას 100%-ით ასრულებს. რას იტყოდით საოკუპაციო აზღვრის მეორე მხარეზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე? ხედავთ დემილიტარიზაციის რაიმე ნიშანს? არა. ისინი აგრძელებენ ბორდერიზაციას და სამხედრო მშენებლობას. ახლა შევხედოთ ვითარებას უკრაინაში 2014 წელს - ყირიმი ოკუპირებულია, დონეცკი და ლუგანსკი ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარისა და კრემლის მხარდამჭერი ძალების მიერ. ამ ქმედებებს მოჰყვა სანქციები რუსეთის მიმართ, გაიყვანეს ძალები? არა. შეგვიძლია ეს ზომები ეფექტიანად ჩავთვალოთ? მე ვერ ვხედავ შედეგს. შეიძლება ეს ზეგავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, პრობლემებს უქმნის რუსეთს, მაგრამ უკრაინელებისთვის რუსები ისევ იქ რჩებიან, ზრდიან სამხედრო ინფრასტრუქტურას ყირიმში, აგრძელებენ ფულის, საბრძოლო მასალების, საწვავის მიწოდებას მხარდამჭერი ძალებისთვის. ეს ნიშნავს, რაც უნდა მოხდეს, ისინი წინ წაიწევენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ან შეუძლებელია, რომ სანქციების შედეგად მათ უკან დაიხიეს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, რუსეთმა ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ რაც უკვე ოკუპირებული ან მიტაცებული აქვს, მას აღარასოდეს დააბრუნებს. ელჩი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ უკრაინა კვლავ მოუწოდებს პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ვითარების ესკალაციამდე და არა შემდეგ. არგუმენტის გასამყარებლად ელჩმა გადაცემაში მაგალითად მოიყვანა ასევე NATO-ს სტრატეგია რუსეთის მიმართ: „2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნატოს დასჭირდა რამდენიმე წელიწადი ახალი დოქტრინის, ხედვისა და რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის მისაღებად და ეს არის შეკავება, რომელიც ახლაც მუშაობს და უკრაინა არის რუსეთის შეკავების ნაწილი, რადგან ჩვენ ვაკავებთ უზარმაზარ ძალას ჩვენს საზღვარზე. თუმცა, არც ეს არის საკმარისი. შეკავება მუშაობს გარკვეულ დონეზე. რატომ? იმიტომ, რომ, რასაც ახლა ვხედავთ - ულტიმატუმებს რუსეთისგან და მათ მოთხოვნას, რომ ნატოს 1997 წლის გაფართოებამდელი პერიოდის მდგომარეობასთან დაბრუნებაზე. ეს ნიშნავს, რომ შეკავება არასაკმარისად ეფექტიანია, რადგან ისინი ბედავენ NATO-სთან ამგვარ ურთიერთობას - ცდილობენ რაღაცების მოთხოვნას, რასაც საერთოდ არ გააჩნია საფუძველი", - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

იგორ დოლგოვი: ნებისმიერ აგრესიას და მუქარას, სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა

ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და საქართველოს საელჩოსი უკრაინაში, რომ ისინი არიან აქ, ადგილზე, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, ნებისმიერ აგრესიას წინააღმდეგობა ერთიანობით უნდა გავუწიოთ. „ნებისმიერ აგრესიას და მუქარას, სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - „ძალა ერთობაშია“. ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე, მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატოში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია“, - განაცხადა დოლგოვმა.

უკრაინის ელჩი: დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში, სადაც არ არის მსოფლიო წესრიგი. ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვაქვს

ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძალიან მოკლე და მარტივია: პირველი, შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ; მეორე, მაქსიმალურად მოახდინეთ რუსეთის ფედერაციის, სახელმწიფო აგრესორის იზოლაცია , - მიმართა  საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე პარტნიორებს. „დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში - იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი და არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი... მოსკოვმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ეს იყო კრემლში მომზადებული სცენარის მიხედვით", - განაცხადა ელჩმა რადიო თავისუფლების ცნობით. მან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ასევე, ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ეს მხარდაჭერა იგრძნობოდა ომის წინა დღეებში, სანამ აგრესორი შეიჭრა ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძალიან მოკლე და მარტივია: პირველი, შემოიღეთ ყველაზე ხისტი სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მეორე, მაქსიმალურად მოახდინეთ რუსეთის ფედერაციის, სახელმწიფო აგრესორის იზოლაცია. საკუთრი ქმედებით რუსეთის ფედერაცია საკუთარი თავი დააყენა კანონის მიღმა და შექმნა თავისთვის სრული იზოლაციის პირობები. მესამე ჩვენ რაც დაგვჭირდება, ეს არის შეიარაღება და იარაღი. უკრაინული ჯარი უფრო ძლიერია, ვიდრე 2014 წელს, მაგრამ ბატონმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოამზადოს რეზერვი და ამ რეზერვისთვის ჩვენ გვჭირდება შეიარაღება, მაგრამ ძალიან აქტიურია სამხედრო მოქმედებები და ამიტომ, საჭიროა მუდმივად საბრძოლო მასალის მიწოდება. მეოთხე, რასაც საჭიროებს უკრაინა, ეს არის ფინანსური დახმარება. ასევე რაც სჭირდება უკრაინას, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა დღეებშიც, მაგრამ დღეს სამწუხაროდ, ეს უკვე არ არის საკმარისი. საფრთხის ქვეშ არის 40 მილიონი უკრაინელის, ჩემი თანამემამულის სიცოცხლე. ჩვენ არავის არ ვემუქრებით, უკრაინა არავის არ ესხმოდა თავს, ისევე როგორც NATO არავის ესხმოდა თავს. ჩვენზე თავდასხმა განახორციელა ბირთვულმა სახელმწიფომ. რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. თავისუფლება, დემოკრატია აღმოჩნდა რუსული შეიარაღებული ძალების მიზანში. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოიკრებს ყველა ძალისხმევას და დაეხმარება აგრესორის შეჩერებაში. ომი არის ადამიანური მსხვერპლი, ისინი გმირები არიან. ჩვენ უკვე ვკარგავთ ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და დამცველებს. ჩვენთან ამბობენ, რომ გმირები არ კვდებიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

იგორ დოლგოვი: საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა უკრაინელებს დახმარება გაუწიოს

ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ. „მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომელბმაც შექმნეს ყველანაირი პირობა, რომ მიიღონ ჩვენი მოქალაქეები. შექმნილია პირობები ჩვენი მოქალაქეების განთავსებისთვის და ასევე მათ მიერ საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთისთვის. ირლანდიამ გააუქმა სავიზო რეჟიმი უკრაინის მოქალაქეებისთვის. ბევრმა ქვეყანამ უკან გაიწვია საკუთარი ელჩები და ასევე ქვეყნიდან გამოიყვანა რუსეთის ელჩები. ეს არის სოლიდარობა, საერთშორისო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება. ეს არის პასუხი შეკითხვაზე, რომელსაც მისვამენ ჩემი კოლეგები, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ უკრაინისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და საქართველოშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ავიამიმოსვლა უკრაინასთან, ასეულებით, მე მგონი უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება. საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ. მცირე საშუალო და მსხვილი სასტუმროების მეპატრონეები გვეკითხებიან, რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენი მოქალაქეებისთვის და ყველაფერს აკეთებენ, რომ განათავსონ ისინი", - განაცხადა მან. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია: „მოძებნეთ სხვა სამსახური"

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას.  31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა.  „არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვისთვის და არიან ისინიც, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევა 1-ლ მარტს დააანონსა. მიზეზად დაასახელა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე. 

უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს

მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს, - საქართველოში უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს. ამასთან, იგორ დოლგოვის მიმართვა საქართველოში უკრაინის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „პატივცემულო თანამემამულენო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო! დღეს თბილისიდან ვარშავაში მივფრინავ, შემდეგ კი კიევში. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. ჩვენ ერთად ავიყვანეთ უკრაინულ-ქართული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ერთად გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები, ვცდილობდით არ დაგვეკარგა დინამიკა როგორც ვაჭრობაში, ასევე კონტაქტებში. ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ ყველა შევიცვალეთ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს. უკრაინას მხარს უჭერს მსოფლიო, უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას, პუტინის რუსეთის ირგვლივ იზოლაციის წრე იკუმშება. ჩვენ ვიცით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დღეს ყველაფერი ჯარზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ უკრაინელ მცველებთან ერთად დგანან ქართველები და ისინი სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მარადიული ხსოვნა გმირებს! მადლობა ყველას, ვისთანაც მქონდა საშუალება მემუშავა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, – აღნიშნულია დოლგოვის მიმართვაში. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია.